37 წლის ვლადიმერ მჭედლიშვილი პოლიციას ცემაში ადანაშაულებს. დაზარალებული ყვება, რომ პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც მეგობრებთან ერთად სიღნაღის ცენტრში საჯარო ადგილას ლუდს სვამდა. მჭედლიშვილის განცხადებით, იზოლატორში გადაყვანის შემდეგ მასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარება ორჯერ გამოიძახეს. ძლიერი ტკივილები გაგრძელდა გათავისუფლების შემდეგაც, რის გამოც კლინიკას მიმართა.
ვლადიმერ მჭედლიშვილის დაზიანებებზე საუბრობს კლინიკის დირექტორიც. ის ადასტურებს, რომ დაზარალებული საავადმყოფოში ნეკნების მოტეხილობით მივიდა.
მომხდარ ინციდენტზე საუბრობს ვლადიმერ მჭედლიშვილის დედაც. მისი ინფორმაციით, ეს არ არის სიღნაღში პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციელ გიორგი ნოზაძეს დაკავებულების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მჭედლიშვილების ოჯახი ნოზაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს.
ვლადიმერ მჭედლიშვილს ბრალი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაში წაუყენეს. მჭედლიშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. რაც შეეხება მისი ცემის ფაქტს, ამ თემაზე მოკვლევა საოლქო პროკურატურამ დაიწყო.
ავტორი: ია გულიაშვილი