ღირსების შელახვისა და ცილისწამებისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები პროკურატურას სარჩელით მიმართავენ. უფლებადამცველების თქმით, საპატრიარქოს იურისტის ბრალდებები, რომ დეკანოზი 50 მილიონი ევროს გათეთრებას აპირებდა, აბსურდულია.
დაცვის მხარის განმარტებით, მამა გიორგი მამალაძეს უკანონო ქმედება არ ჩაუდენია და ეს თანხა მას იმ პროექტებისთვის სჭირდებოდა, რომლის შესახებაც ინფორმირებული იყო თავად შორენა თეთრუაშვილიც და რამდენიმე სასულიერო პირი.
„აკეთებდა პროექტს, რომ კლინიკის რეაბილიტაცია მომხდარიყო და ასევე ჩაქვში აშენებულიყო სკოლა. ეს პროექტი არის კომპიუტერში, რომელიც არის დღეს პროკურატურაში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის გადამოწმება. შესაბამისად, აქ არანაირ უკანონო ქმედებაზე არ იყო საუბარი, უფრო მეტიც, ამის თაობაზე თვით შორენა თეთრუაშვილმა და კიდევ რამდენიმე მეუფემ იცოდა. რაც შეეხება ამ კომპანიას, პრაქტიკაში ერთი დღეც არ უმუშავია და ერთი ლარის ბრუნვაც არ ჰქონია მას, მაგრამ თემის გადაფარვის მიზნით, პერიოდულად იღებს დავალებებს საპატრიარქო პროკურატურისგან,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
ამ საკითხზე შეკითხვები აქვს თავად საპატრიარქოს იურისტსაც, კონკრეტულად რატომ მოქმედებდა კონსპირაციულად დეკანოზი და რატომ არ იყო საქმის კურსში პატრიარქი.
„რატომ მოქმედებდა კონსპირაციულად, ვინაიდან არ ჰქონდა მღვდელს უფლება თვითონ უშუალოდ კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობა მიეღო. ამაზეა მხოლოდ და მხოლოდ საუბარი, ჩვენ არანაირი ბრალდება არ წამოგვიყენებია,“ - აცხადებს საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა.