18 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები აუდიტის სამსახურს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ 

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები აუდიტის სამსახურს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია გუშინ, უწყების მიერ აუდიტის შუალედური დასკვნის გავრცელებაზე, სადაც თბილისის მერიასა და ოთარ ფარცხალაძის კომპანიას შორის მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებებზეა საუბარი.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ აუდიტის სამსახურმა დაარღვია აუდიტორთა ეთიკის მე-8 მუხლი, რადგან მათი განმარტებით, აუდიტის შედეგები გახადა საჯარო შემაჯამებელი დოკუმენტის შემუშავებამდე.

„სახელმწიფო აუდიტორის და მისი მოადგილის გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმადაც, აუდიტორი ვალდებულია აუდიტის შედეგები არ გახადოს საჯარო, აუდიტის შედეგების შემაჯამებელი შესაბამისი დოკუმენტის შედგენამდე.

"ჩვენს შემთხვევაში, არა თუ შემაჯამებელი დოკუმენტი, არამედ აუდიტორული ანგარიშის პროექტიც არ ყოფილა მომზადებული, რაც ე.წ. შუალედური ინფორმაციის წარმოდგენით, მათი მხრიდან კანონის უხეშ დარღვევაზე მეტყველებს,“ - განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.

ფარცხალაძის უფლებადამცველი ამბობს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გუშინ გამართული ბრიფინგი იყო მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

"გუშინდელი ბრიფინგი იყო მორიგი მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ნათელი მაგალითი პირადი მიზნებისთვის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებისა. ნათელია ისიც, რომ ბატონი თორდიას მიერ დაანონსებულ დასკვნას საზოგადოება ელოდებოდა დაახლოებით კვირა ნახევარი, თუმცა აღმოჩნდა, რომ არა თუ დასკვნა, არამედ პროექტიც კი არ ყოფილა მომზადებული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გუშინდელ ბრიფინგზე მომზადებული ინფომრაცია სახელდახელოდ მოამზადეს,“ - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

დღის ამბები