ოზურგეთის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი, ლელა საჯაია, ფიქრობს, რომ საზოგადოებას არ ესმის, თუ რატომ მიიღო ქართული ოცნების დეპუტაციამ ოზურგეთისთვის თვითმმართველი სტატუსის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება.
ამის თაობაზე მან არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ოზურგეთში თვითმმართველობის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე აზრის გამოთქმის საშუალება ყველას ჰქონდა.
„როგორ შეგიძლიათ, შეადაროთ 2006 წლის თვითმმართველობა და ის მონაცემები, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. ჩემი საკრებულოს წევრებს მივმართავ, ჩვენ შეგვეძლო, ამ საკითხზე ერთად გვემსჯელა, მაგრამ თქვენ ბიძინა ივანიშვილის ხეებს დასდევდით,“ - განაცხადა ლელა საჯაიამ.
ამის შემდეგ სტუდიაში მხარეებს შორის კამათი დაიწყო. ოზურგეთის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით მჟავანაძემ, განაცხადა, რომ უმრავლესობა ქვეყანას ოლიგარქის ინტერესებისთვის ვნებს.
„გაანებეთ ბიძინა ივანიშვილს თავი, მოასვენეთ ის ადამიანი,“ - განაცხადა ლელა საჯაიამ.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბესო ქათამაძის, განცხადებით, ოზურგეთის საკრებულოს უმრავლესობას ხალხის აზრი არ უკითხავს, როდესაც ქალაქს ბიუჯეტი ჩამოართვა. ამის გამო ლელა საჯაიამ ოპოზიციის წევრები დეზინფორმაციაში დაადანაშაულა.
"41 მეტრი ასფალტი თუ დააგეთ საერთოდ?" - განაცხადა ბესო ქათამაძემ.
ოზურგეთის საკრებულოს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ნათია შარაშენიძემ, აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი რეალურ არგუმენტებს არ ასახელებს და მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება.