კორუფციული ქმედებების გადაფარვის მცდელობად მიიჩნევენ სამოქალაქო სექტორში სოციალურ ქსელში გუშინ, 2016 წელს გადაღებულ ვიდეო კადრებს, სადაც ლაშა თორდია ფიგურირებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, მომხდარი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე პირდაპირი ზეწოლაა. მათივე თქმით, არსებობს კითხვის ნიშნები თუ რატომ გასაჯაროვდა ეს მასალა სწორედ ახლა და ემსახურება თუ არა ის ლაშა თორდიას თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას.
“ამ კადრების გასაჯაროება თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ხელისუფლებამ დააშანტაჟოს ნებისმიერი მოხელე, ნებისმიერი პირი, რომელიც საკუთარი საქმიანობისას უფლებამოსილებას განახორციელებს ეფექტურად და ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღესაც დაახლოებულ პირებად მიიჩნევიან ხელისუფლებასთან, ამხელს ამა თუ იმ გარიგებაში. აღნიშნული კადრების გავრცელება, კიდევ ახალ პრობლემას აჩენს სამართალდამცავ ორგანოებში და არ სცემს კითხვებს პასუხს, რომელ გარიგებაზეც საუბარია აუდიტის დასკვნაში,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
სამოქალაქო სექტორი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი თავდასხმა, პარლამენტისგან კი, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
„ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ ის მთავარი თემა, რომელიც არის ქვეყანაში, იყოს გადაფარული, რაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა,“ - აცხადებს სოფო ვერძეული.