დემირელის კოლეჯის მენეჯერს საქალაქო სასამართლომ წინასწარი 3 თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯა. თურქეთის მხარე მუსტაფა ემრი ჩაბუკს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებს. პროკურორები თურქეთის საგამოძიებო უწყებებიდან გადმოცემული მასალების მიხედვით ითხოვდნენ სასამართლოსგან აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას. პროკურორის თქმით, ბრალდებულს შესაძლოა საქართველოს ტერიტორია დაეტოვებინა.
ადვოკატი, ვახტანგ კვიჟინაძე პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ეწინააღმდეგება და აღნიშნავს, რომ პროკურატურის მიერ მკაცრი აღმკვეთის ღონისძიებაა მოთხოვნილი, რაც ამ საქმისთვის შეუსაბამოა.
ბრალდებული, მუსტაფა ემრი ჩაბუკი აცხადებს, რომ მისთვის წარდგენილი ბრალეულობა სიმართლეს არ შეესაბამება და არანაირი კავშირი არ აქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. მან ასევე განმარტა, რომ თურქული მხარისგან არანაირი შეტყობინება არ ჩაბარებია, რომ საგამოძიებო უწყებაში მისულიყო.
„არც საქართველოში და არც თურქეთში ნასამართლევი არ ვარ. ჩემს ცხოვრებაში პატარა დანაც არ მიტარებია. ახლა თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და ვთხოვ, ქართულ მხარეს არ გადასცეს ჩემი თავი თურქეთს. არანაირი შეტყობინება არ ჩამბარებია, რომ მივსულიყავი საგამოძიებო უწყებაში,“ - განაცხადა მუსტაფა ემრი ჩაბუკმა.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორს დამატებითი განმარტებები აღარ გაუკეთებია.
ბრალდებულის მეგობრებს მისთვის წარდგენილი ბრალეულობა აბსურდულად მიაჩნიათ.