თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრი ჩაბუქს 3-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯა. თურქეთის მხარემ მისი დაკავება რამდენიმე დღის წინ მოითხოვა.
თურქეთის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში 15 წელია ცხოვრობს და დემირელის სკოლის მენეჯერია, თურქეთის მხარე ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას სდებს ბრალად. დაცვის მხარე ბრალდებას უარყოფს და პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე ქართულ მხარეს მისი დაცვა სთხოვა.
თურქეთის მხარის მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, დემირელის კოლეჯის მენეჯერი ამავე სკოლის ერთ-ერთ მფლობელს წილების ამერიკული კომპანიისთვის მიყიდვაში დაეხმარა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ფეთულა გიულენთან არის კავშირში, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა თურქეთის მთავრობამ. საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ არაფერი იცის ჩაბუქის გადატრიალებასთან და აცხადებს, რომ სკოლას პრობლემები არ შეექმნება.
დემირელის სკოლის ხელმძღვანელის საქმის გამოძიების დროს სამართლიანობის პრინციპების დაცვაზე საუბრობენ ოპოზიციაში.