18 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაკავება - თურქ ბიზნესმენთა დაკავებები შესაძლოა, გაგრძელდეს

დემირელის სკოლაში ფინანსური პოლიციაა შესული. კონტროლი ხორციელდება ასევე ამ ქსელში გაერთიანებულ 6-ვე სკოლასა და მათთან დაკავშირებულ შავი ზღვის უნივერსიტეტში. თურქეთის მთავრობა უნივერსიტეტის მფლობელს და კიდევ ათობით თურქ ინვესტორს ფეთჰულა გიულენთან კავშირის გამო აკრიტიკებს და ბრალს სდებს ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში.  

გიულენი ამ ეტაპზე აშშ-შია, თუმცა მის ექსტრადაციაზე ამერიკა უარს აცხადებს, რადგან ბრალდებებს არადასაბუთებულად მიიჩნევს. საქართველოში კი თურქ ბიზნესმენთა შევიწროვება ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო, როცა ქართველ პარტნიორებთან ჩამოსული მათი ჯგუფი აეროპორტიდან უკან გერმანიაში ისე გააბრუნეს, რომ მიზეზიც არ აუხსნიათ. ამ კვირაში ქართველმა სამართალდამცავებმა თურქი ბიზნესმენი, მუსტაფა ჩაბუქი დააკავეს, რომელიც დემირელის კოლეჯის პარტნიორთა საბჭოს წევრია და მასაც ტერორიზმში ადანაშაულებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა უკვე მიუსაჯა, თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში კი 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება. დაკავებულის ადვოკატები ამბობენ, რომ თურქეთში ის შესაძლოა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.

თურქი ბიზნესმენის დაკავება თურქეთის პრემიერის ბინალი ილდირიმის თბილისში ვიზიტს დაემთხვა. არსებული ინფორმაციით, სწორედ მან მოსთხოვა ქართველ კოლეგას თურქეთის ხელისუფლებისთვის არასასურველი პირების გადაცემა.

არსებობს ვარაუდები, რომ საქართველოში მყოფი სხვა თურქი ბიზნესმენების დაკავებებიც იგეგმება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები