სტრასბურგის მოსამართლეობის კიდევ 6-მა კანდიდატმა გასაუბრება გაიარა. კანდიდატებს შორის იყვნენ მოქმედი მოსამართლეები. ცოტა ხნის წინ დასრულდა გასაუბრება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესთან, შოთა გეწაძესთან, რომელიც პარალელურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც არის.
გეწაძე მიმდინარე გასაუბრებას დადებითად აფასებს და იმ კითხვებზე საუბრობს, რომლებიც კომისიის წევრებმა დაუსვეს.
„შეკითხვათა ნაწილი ეხებოდა ჩემს წარსულ საქმიანობას, ამჟამინდელ საქმიანობას, სამომავლო გეგმებს. იყო პროფესიული შეკითხვები. დაისვა სხვადასხვა შეკითხვა იუსტიციის საბჭოს ცალკეულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მე პოზიტიურად ვარ ამ პროცესისადმი განწყობილი. კომისიის შემადგენლობა კეთილგანწყობილია, როგორც მე ვიცი ყველა კანდიდატის მიმართ და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი,“ - აცხადებს შოთა გეწაძე.
კომისიის შემადგენლობაში შედის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი.
„ჩვენ ვალდებული ვართ, დღესვე დავწეროთ ქულები და ქულების დაწერიდან, რამდენიმე წუთში, იუსტიციის სამინისტრო ვალდებული იქნება გაასაჯაროოს ეს გადაწყვეტილება. ისეთ კანდიდატს თუ მისცეს ხმა, რომელზეც ვთანხმდებით, რომ ძალიან კარგი იყო, მაშინ პროტესტი არ იქნება. ჯერჯერობით, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კრიტიკული კითხვები ისმის, თვითონ იუსტიციის მინისტრის მხრიდანაც კი,“ - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ მაქსიმალური პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ საუკეთესო კანდიდატი გამოვლინდეს. ომბუდსმენი აცხადებს, რომ სწორედ ქულების დაწერის შემდეგ გაირკვევა, რამდენად ობიექტურია კომისია.
„მთავარი საკითხი ჩემთვის არა უშუალოდ გასაუბრების პროცესია, არამედ ის, რა მოხდება შემდეგ. ანუ, როგორ მოხდება კანდიდატების შეფასება, რომ არ მოხდეს იგივე. მოგეხსენებათ, გასულ წელს მოხდა გარკვეულწილად მანიპულირება ქულებით, როდესაც გარკვეულ კანდიდატებს, როდესაც ისინი უფრო მეტ ქულას იმსახურებდნენ, დაეწერათ ნაკლები ქულა. სწორედ ამ მიმართებით არის ჩემი ერთგვარი შეშფოთება,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
კონკურსის მესამე ეტაპი დღეს დილიდან განახლდა და სავარაუდოდ საღამოს უკვე ცნობილი იქნება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის 5 პრეტენდენტის სახელი, რომელთაც კომისია მთავრობას წარუდგენს.