18 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
იუსტიციის საბჭო ვალერი ცერცვაძის შემცვლელზე მსჯელობს - სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის განცხადება გადადგომის თაობაზე ცნობად მიიღო. ამ წუთებში უმაღლესი საბჭოს წევრები ცერცვაძის შემცვლელის საკითხს განიხილავენ.

ერთ-ერთი კანდიდატი მიხეილ ჩინჩალაძეა. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა შოთა გეწაძემ დაასახელა. ცერცვაძის შემცვლელად დასახელდა მერაბ გაბინაშვილიც

საბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. კანდიდატურების კენჭისყრასთან დაკავშირებით საბჭოს წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ვახტანგ მჭედლიშვილი კენჭისყრამდე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატებთან გასაუბრებას ითხოვს. 

მჭედლიშვილის მოთხოვნას არ ეთანხმებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები. სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭისყრა დღესვე გაიმართება და ვალერიან ცერცვაძის შემცვლელის ვინაობა დღესვე გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ ვალერიან ცერცვაძემ გადადგომის შესახებ განცხადება ოთხი დღის წინ გააკეთა. მან გადაწყვეტილება ორ კომპანიას შორის სამართლებრივი დავის გამო მიიღო, რომელთაგან ერთ-ერთი მისი ოჯახის სახელს უკავშირდება. 

დღის ამბები