18 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
პროცესი დამჩაგვრელი რომელიმე კონკრეტული კანდიდატის მიმართ - ანა დოლიძე სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაზე საუბრობს

სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეობის 5 კანდიდატის სპეციალური სამთავრობო კომისიის მიერ შერჩევას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფასებენ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე, აცხადებს, რომ ის კონკრეტულ კანდიდატებს ვერ შეაფასებს, თუმცა, არსებობს შერჩევის კრიტერიუმები, რომლებითაც, დანიშვნის პროცესში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც დიდ ყურადღებას აქცევს.

„საბჭოს აქვს საკმაოდ მაღალგანვითარებული კრიტერიუმები, როგორი უნდა იყოს ეროვნული კონკურსი, ის უნდა იყოს გამჭვირვალე, ის უნდა იყოს სამართლიანი და არადისკრიმინაციული. მე ვფიქრობ, მნიშნელოვანია, რომ დავაკვირდეთ ამ პროცესებს, რომლებიც განვითარდება ეროვნულ კონკურსთან დაკავშირებით და ჩვენ და ევროსაბჭო, სავარაუდოდ, ერთად გამოვიტანთ დასკვნას, რამდენად აკმაყოფილებდა ეს პროცესი ამ სამ, ძალიან მნიშნელოვან პრინციპს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ის აღნიშნავს, რომ კონკრეტული კანდიდატების შეფასების კომპეტენცია ახლა არ გააჩნია.

„არის დადგენილი სტანდარტები, ეს სტანდარტები არის გამჭვირვალეობა, სამართლიანობა და არ უნდა იყოს ეს პროცესი დამჩაგვრელი რომელიმე კონკრეტული კანდიდატის მიმართ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე ისაუბრეს 2 კანონზე, რომლებსაც პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. ერთის მიხედვით, ქალის მიმართ ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება, ხოლო მეორე შვილად აყვანის წესებს ამარტივებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები