ე.წ. ციანიდის ხმაურიანი საქმის გაგრძელება- საპატრიარქოს იურისტის ბრალდებების ადრესატი ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრეა. ედიშერ ქარჩავა დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ მეუფე პეტრე პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილებაში აქტიურად მონაწილეობდა და ამის შესახებ ილია მეორეც ინფორმირებულია. ედიშერ ქარჩავას მტკიცებით მეუფეს საკუთარი დაჯგუფება ჰყავს და ის წლებია სხვადასხვა ხერხით საქართველოში საპატრიარქო მმართველობის გაუქმებას ცდილობს.
საპატრიარქოს იურისტი ასევე ამბობს, რომ მეუფე პეტრე ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზსაც ეხმარებოდა. ქარჩავას ინფორმაციით, მისი განცხადებები პატრიარქთან შეთანხმებულია.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი დარწმუნებულია, რომ მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები ციანიდის სკანდალურ საქმეს უკავშირდება, რადგან ის იყო ერთადერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესები საჯაროდ დაიცვა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებით, საპატრიარქოს იურისტის ბრალდებები აბსურდულია. დაცვის მხარის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ, პატრიარქთან შეხვედრის დროს, ილია მეორე ფიქრობდა, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა.
ქარჩავა ასევე განმარტებებს ითხოვს პროკურატურისგან, რომელსაც ციანიდის საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული პირის მფარველობაში ადანაშაულებს. საგამოძიებო უწყებაში ამ საკითხზე განცხადებას არ აკეთებენ.