საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის იძულებით გაყვანის ფაქტს ეხმაურება და მას "საგანგაშოს" უწოდებს. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ მომხდარის გამო უნდა დადგეს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი.
ომბუდსმენის თქმით, მომხდარი აჩენს განცდას, რომ დღეს საქართველოში არცერთი მოქალაქის უსაფრთხოება არ არის დაცული.
ნანუაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ადამიანის გატაცება ქალაქის ცენტრიდან მოხდა და ის მეზობელ ქვეყანაში გადაიყვანეს.
„ეს არის ძალიან სამწუხარო და შეიძლება ითქვას საგანგაშო ფაქტი, როდესაც ქალაქის ცენტრში იკარგება ადამიანი, შემდეგ ვიგებთ, რომ ის სხვა მეზობელ სახელმწიფოში არის. ის არის წამების და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. უნდა დადგეს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობის საკითხი. აქ საუბარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, თუ არ იქნება გაცემული კითხვაზე პასუხი, რამდენად არის ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაცული.
"სამწუხაროდ ეს ფაქტი მიქმნის განცდას, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ არის დაცული და მსგავსი ფაქტი ნებისმიერ დროს შეიძლება განმეორდეს. მით უმეტეს, როდესაც საუბარია მეზობელ სახელმწიფოში ადამიანის გადაყვანაზე და ეს არის ყველაზე საგანგაშო.
თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ იცოდა ამის შესახებ ეს რა თქმა უნდა არის საგანგაშო და თუ იცოდა, ეს კიდევ უფრო უარესი, სამწუხარო ფაქტია,“-აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გუშინ გაუჩინარდა. დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და სამართალდამცველებს ჰყავთ დაკავებული. მომხდარზე გამოძიება შს სამინისტრომ დაიწყო.
ჟურნალისტის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული აცხადებს, რომ მას თბილისის ცენტრში საცხოვრებელ სახლთან სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. ოჯახი ვარაუდობს, რომ ჟურნალისტის საქართველოდან იძულებით გაყვანის საქმეში ქართველი სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი.