მთავრობის კანცელარიასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აფგან მუხთარლის საქმეზე პროტესტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა გამოხატეს.
სტუდია მონიტორის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ისევე მოექცა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, როგორც იქცევა ჟურნალისტებისადმი სასტიკი დამოკიდებულების მქონე აზერბაიჯანის ხელისუფლება.
„გაკოჭეს, სცემეს ადამიანი, შუა ქალაქიდან წაიყვანეს და შემდეგ ნახევარი საქართველო გადაატარეს, საზღვარი გაატარეს ისე რომ ვერავინ ვერ შენიშნა ეს და ადამიანი გადასცეს პრაქტიკულად ჟურნალისტებისადმი სასტიკ აზერბაიჯანის ხელისუფლებას. ასეთი დერეფნის გაკეთება ჩემთვის იგივეა, ზუსტად იგივე ქმედება ჩაიდინა ჩვენი ხელისუფლება ზუსტად იგივენაირად მოიქცა, როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლება. ჩემთვის ამაში დიდი განსხვავება არ არის,“ - განაცხადა ნინო ზურიაშვილმა.
ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე საუბრობს საინფორმაციო სააგენტო on.ge-ს ხელმძღვანელიც. თამაზ კუპრეიშვილის განცხადებით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ აფგან მუხთარლის გატაცებაში აზერბაიჯანულ სპეცსამსახურებს საქართველოში მყოფი ადამიანები ეხმარებოდნენ.
„როგორც თვითონ ამბობს თავდაპირველად ის გაიტაცეს ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა და უკვე რამდენიმე-საათიანი მგზავრობის შემდეგ ის აღმოჩნდა აზერბაიჯანულად მოსაუბრე ადამიანებთან, შესაბამისად არსებობს ეჭვი, რომ აზერბაიჯანელ სპეცსამსახურებს მის გატაცებაში ეხმარებოდნენ საქართველოში მყოფი ადამიანები. ეს არის დაუშვებელი და წარმოუდგენელი იმიტომ, რომ წარმოუდგენელია იმ ქვეყანაში რომელსაც აქვს პრეტენზია იცავდეს ადამიანის უფლებებს, ადამიანი ასე გაიტაცონ,“ - აცხადებს თამაზ კუპრეიშვილი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ მომხდარის გამო ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.