საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩაღლარის სკოლების ქსელის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი შესაძლოა, თურქულ მხარეს გადაეცეს. ანკარა ჩაბუქს ბრალს ტერორისტულ საქმიანობაში სდებს და ამტკიცებს, რომ ის სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებული ფეტულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციას უწყობს ხელს. თუმცა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ ქართულმა მხარემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ექსტრადირების საკითხის განხილვა დაიწყო.
თავად ჩაღლარის ქსელის, დემირელის კოლეჯის მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები კი, საქართველოს ხელისუფლებას ერთობლივი პეტიციით მიმართავენ და მთავრობისგან სასწავლებლის წარმომადგენლის, ამჟამად საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი ემრე ჩაბუქის ექსტრადაციის შეჩერებას ითხოვენ. სკოლის დირექტორის განცხადებით, ემრე ჩაბუქს თურქეთში არაადამიანური მოპყრობა ემუქრება, სკოლაში ეჭვი აქვთ იმაზეც, რომ შესაძლოა, თურქული მხარის მოთხოვნით საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა წარმომადგენლებიც დააკავონ.
იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ ემრე ჩაბუქის საექსტრადიციო პროცედურები ჯერ არ დაწყებულა, რადგან საქართველო თურქული მხარისგან დამატებით სისხლის სამართლის საქმეებს ელოდება.