ნიუ-იორკის სასამართლო დაკავებულ ქართველ სპორტსმენებზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. დღესვე გაირკვევა, დატოვებენ თუ არა ისინი საპატიმროებს და გამოუშვებენ თუ არა თავდებით.
ადვოკატის ინფორმაციით, ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე სპეცოპერაციის დროს შეცდომით დააკავეს და მას არ აქვს კავშირი კრიმინალურ დაჯგუფებასთან.
“ვნახე ლევანი. ის არის სრულიად უდანაშაულო, როგორც აცხადებს და, ალბათ, უბრალოდ მოხდა ისე, რომ ძალიან ბევრი ხალხი აიყვანეს და ლევანიც, ალბათ, მოჰყვა, თორემ სასამართლოს ლევანის გამოშვების პრობლემა არა აქვს. პირიქით, უშვებენ დღეს ან ხვალ,“ - განაცხადა ადვოკატმა ლევან ნატალიშვილმა.
ქართველი სპორტსმენების სასამართლო პროცესს კრივის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ელოდებიან მათი მეგობრები და ოჯახის წევრები.
“ჩვენც, ანალოგიურად, მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვიცით, რომ მოხდა ასეთი ცუდი ფაქტი და ვიმედოვნებთ, რომ იქნებოდა გაურკვევლობა. თვითონ ავთანდილ ხურციძეს ახლოს ვიცნობ, ჩვენი მეგობარია, ჩვენ ერთად ვიყავითო საქართველოს ნაკრებში და მას მთელი ცხოვრება დათმობილი აქვს სპორტისთვის. ვიმედოვნებთ, გაირკვევა ყველაფერი. ნაცნობობა, მეგობრობა და ხელის ჩამორთმევა არ ნიშნავს, რომ ყველა კრიმინალია,“ - განაცხადა კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით წიკლაურმა.