საკადრო წმენდა პატრიარქის პირადი დაცვის სამსახურში - კურიერისთვის ცნობილი ხდება, რომ ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ილია მეორის დაცვას წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა, ახალი კადრებით ჩაანაცვლეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი, კურიერთან სატელეფონო საუბრისას პატრიარქის დაცვის წევრების გათავისუფლებას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გათავისუფლებულია მხოლოდ მათი ნაწილი.
რუსთავი2 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილი წევრს, სოსო ელიზბარაშვილსაც, ესაუბრა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია დაცვის წევრების გათავისუფლების შესახებ არც დაადასტურა და არც უარყო.
მისი განცხადებით, ის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობს, თუმცა სხვა განყოფილებაშია გადაყვანილი და პატრიარქის დაცვის წევრი აღარ არის.
შეგახსნებთ, რომ გასულ კვირას პატრიარქის დაცვის უფროსად ვანო კობაიძე დაინიშნა, რომელმაც პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზურაბ ბუჩუკური შეცვალა, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ბოლო თვეების განმავლობაში ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უკვე მეორე ხელმძღვანელია, რომელიც პოსტს აღარ იკავებს. პირველი სოსო ოხანაშვილი იყო, ილია მეორის ოჯახის წევრი, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე ატეხილი ხმაურის შემდეგ დატოვა თანამდებობა.
ზურაბ ბუჩუკურის გათავისუფლება კი საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას, მიერ გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ილია მეორის "მოკვდინების" მცდელობაში დაადანაშაულა.