18 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
სააფთიაქო ნარკომანია - დაჯარიმების მიუხედავად, აფთიაქები ფსიქოტროპულ წამლებს მაინც ყიდიან

არასრულწლოვნების დანგრეული ცხოვრება და მათ ხარჯზე გამდიდრებული აფთიაქები. დღეს თბილისში ნებისმიერ მსურველს, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებს ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა რეცეპტის გარეშე შეუძლიათ.

„კურიერმა“ ექსპერიმენტით გაარკვია, რომ ერთ-ერთი აფთიაქი, რომელიც წელს ორჯერ დააჯარიმეს წამლების ურეცეპტოდ გაყიდვაში, ფსიქოტროპულ წამლებს ურეცეპტოდ ისევ ყიდის. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვიდან 25 წუთში ადგილზე მონიტორინგის ჯგუფი მოვიდა.

„კურიერის“ ზარის შემდეგ აღნიშნულ აფთიაქს ამჯერად 12 ათასიან ჯარიმას გამოუწერენ და ლიცენზიას შეუჩერებენ. თუმცა, სამინისტროშიც აღიარებენ, რომ საკმაოდ დიდია ალბათობა იმისა, რომ მფლობელი ახალ ფირმას დაარეგისტრირებს და ამავე შენობაში საქმიანობას გააგრძელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ კანონი შესაცვლელია, მაგრამ რატომ არ ცვლის კანონს პარლამენტი, არ იციან. 

ურეცეპტოდ ფსიქოტროპული წამლების გაყიდვისთვის ერთის მხრივ ჯარიმა სოლიდურია, მაგრამ აფთიაქებს, სადაც კანონს არღვევენ, ფულის გადახდა უღირთ, რადგან მოგება იმდენად მაღალია, რომ მფლობელები რისკზე მარტივად მიდიან.

სპეციალისტების განმარტებით, ამ პრეპარატების მიღებით ხდება, მხოლოდ თრობის სიმულაცია, რაც ჯანმრთელობას ანგრევს.

ხელისუფლება წლებია პირობას დებს, რომ კანონს გაამკაცრებს თუმცა კითხვას, მფარველობს თუ არა ფსიქოტროპულ აფთიაქებს სახელმწიფო ან რომელიმე მაღალჩინოსანი, უპასუხოდ ტოვებს.

დღის ამბები