„წითელი ცხვირები“ დაპირისპირების მიზეზი გახდა. წლის მთავარი საქველმოქმედო კამპანია მეორე დღეა საზოგადოების განხილვის მთავარი თემაა. აქციის ორგანიზატორს კამპანიის მონაწილე, აკა სინჯიკაშვილი თანხის მოპარვაში ადანაშაულებს.
სინჯიკაშვილის მტკიცებით, კომპანია „ქეი კომუნიქიშენის“ ხელმძღვანელმა, თეონა ბაღდავაძემ "წითელი ცხვირების" აქციაში ჩართვა მას, როგორ პოპულარულ და კარგი ავტორიტეტის მქონე ქველმოქმედს შესთავაზა და ცხვირების გაყიდვიდან შემოსული თანხის თავშესაფრის ასაშენებლად გადაცემას დაპირდა. აკა სინჯიკაშვილი თვლის, რომ საბოლოოდ თანხა გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა.
თეონა ბაღდავაძე ბრალდებებს არ ეთანხმება და ბრალდების საპირისპიროდ სერტიფიცირებული აუდიტორის მიერ ანგარიშის მომზადებას სთავაზობს.
დაპირისპირების კიდევ ერთი საკითხი კამპანია „რედ ნოუზ დეის“ სათაო ოფისისთვის გადახდილი თანხაა. სწორედ ამ მსოფლიო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა საქართველოში საქველმოქმედო აქცია.
მხარეები ამბობენ, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად მათ საკმარისი მტკიცებულებები აქვთ.
ჯერ უცნობია, დაიწყება თუ არა გამოძიება „რედ ნოუზის“ კამპანიასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. აკა სინჯიკაშვილი ფინანსურ პოლიციას ორშაბათს მიმართავს. რამდენიმე დღეში მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს თეონა ბაღდავაძეც.