მმართველი გუნდი ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრებას არ გამორიცხავს და კათოლიკოს-პატრიარქის იდეას საინტერესოდ მიიჩნევს. ამ საკითხზე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია საპატრიარქოშიც იმყოფებოდნენ.
უმრავლესობაში სახალხო განხილვის მოწყობასა და გრძელვადიან პერსპექტივებზეც საუბრობენ.
უმრავლესობის მსგავს დამოკიდებულებასა და განცხადებებს ოპოზიცია პოპულიზმის გამოვლინებად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ კონსტიტუციური მონარქიის დამყარების მომხრე არც მმართველი გუნდია, თუმცა საჯარო განცხადებები მაინც ამ იდეის მიმართ დადებითია.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ამ სისტემის ქვეყანაში შემოტანა ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნება და ზოგადად, ამ იდეის რეალიზება შეუძლებელია. ოპოზიციის აზრით, უმრავლესობის წევრები დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ამ თემის გადაფარვას ცდილობენ.
ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამგავრად, უმრავლესობა პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩანაცვლებას ცდილობს.
კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის იდეა პატრიარქმა გუშინ ქადაგებისას გამოთქვა. სამეფო გვარის მატარებლებს შორის კი განხილვები უკვე დაიწყო.