18 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
საქართველოდან შავი ზღვის თევზისა და მისი პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა შესაძლებელი გახდება

საქართველოდან შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქციის შეტანა ევროკავშირის ბაზარზე შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. თევზი მესამე ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე შევა. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს 500 მილიონ ბაზარზე წვდომა ექნება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოს შედეგი, რომელიც უკავშირდება საქართველოში ვეტერინარული კონტროლის აღიარებას ამ მიმართულებით. მინდა განვმარტო, რომ ეს არ გულისხმობს ინდივიდუალური საწარმოების ინდივიდუალურ შემოწმებას და დაშვებას. ეს გულისხმობს მთლიანად საქართველოში სისტემის აღიარებას,“ - განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე თევზეული ექსპორტის კარგი პოტენციალი აქვს.

„საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი მოახდინოს თევზეულის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. ეს გადაწყვეტილება ქართულ თევზეულობას დაეხმარება გახდეს უფრო პოპულარული სხვა ბაზრებზეც. საქართველოსთვის ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა და ვფიქრობ, რომ ექსპორტი ევროკავშირის მიმართულებით აუცილებლად გაიზრდება,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

დღის ამბები