საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. პატრიარქის მდივანი აცხადებს, რომ საპატრიარქო მზად არის, პატრიარქისა და გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის სრული ჩანაწერი გამოაქვეყნოს.
მამა გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეკანოზი ზიარებას უკვე ოთხი თვეა უშედეგოდ ითხოვს. მისივე განცხადებით, დეკანოზის ოჯახმა სცადა ამ ინფორმაციის ილია მეორისთვის მიწოდება, თუმცა მათ სიტყვა მამა დავით ჭინჭარაულმა შეაწყვეტინა. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ჭინჭარაული პატრიარქისთვის ინფორმაციის დამალვას ცდილობდა.
ამ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანმა აღნიშნა, რომ მამა დავით ჭინჭარაულს რამდენჯერმე მოუწია განმარტების გაკეთება, რომ დეკანოზს უახლოეს დღეებში მოინახულებს.
„მამა დავითი ჭინჭარაული ესწრებოდა შეხვედრას, მან რამდენჯერმე ითხოვა სიტყვა და მან აუხსნა მათ. მათ ჰქონდათ ასეთი შეკითხვა, რომ რატომ არ შედიან სასულიერო პირები მამა გიორგის მოსანახულებლად, მამა დავით ჭინჭარაულს ორჯერ თუ სამჯერ მოუწია გამეორება ერთი და იგივე ტექსტის, რომ ის და მამა კახაბერი უახლოეს დღეებში შეძლებენ და მოინახულებენ მამა გიორგის,“ - აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი თორნიკე მამალაძის განაცხადებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ მან დეკანოზის ძმას საუბარი არ შეაწყვეტინა.
„მე მისთვის საუბარი არ შემიწყვეტინებია, უბრალოდ, მე მას მოვუწოდე, რომ შეხვედრას ესწრებოდა კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი, რომელსაც საერთოდ არაფერი უთქვამს და რატომღაც მამალაძე მასაც ახსენებდა, რომ ის ერეოდა ამ საუბრებში. მოკლედ, ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ერთი და იგივე ფაქტის და მოვლენის მომსწრე ორი ადამიანი ყოველთვის სხვადასხვანაირად გამოიტანს იქიდან ინფორმაციას. ეს მათი ინტერპრეტაციებია. მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული მხარე, ჩვენ ველოდებით მხოლოდ და მხოლოდ ობიექტურ სიმართლეს,“ - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.