პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გადაცემა „არჩევანის“ გუშინდელ ეთერზე ისაუბრა. მისი აზრით, გადაცემის მეორე ნახევარში სტუმრებმა კონსტიტუციის პროექტზე მრავალი ტყუილი თქვეს.
მან ტყუილის თქმაში პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძეც დაადანაშაულა.
„როდესაც პრეზიდენტი საუბრობს თავისი მოხელის პირით ასეთი ფორმით, ბუნებრივია, ძალიან რთულია კონსენსუსის მიღწევა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში პრეზიდენტი, მრავალი თხოვნის მიუხედავად არ ერთვებოდა.
„ათასგვარი ფორმით ვთხოვეთ პრეზიდენტს, ერთადერთი მუხლებზე არ დავმდგარვართ, ყველანაირად ვთხოვეთ, რომ ჩართულიყო კომისიის მუშაობაში, არგუმენტი ვერანაირი ვერ მოვისმინეთ, თუ რატომ არ ერთვებოდა ის 4 თვის განმავლობაში სამუშაო პროცესში და ამას დაუპირისპირდა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის აბსოლუტურად არაპრაგმატული და დესტრუქციული პოზიცია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები გაღიზიანებასაც კი არ იწვევს.
„არც პრეზიდენტს და არც პრეზიდენტის გუნდის წევრებს მსგავსი ტიპის განცხადებები არასოდეს არ ჩაუთვლია გამაღიზიანებლად, თუმცა, რეალობა არის შემდეგი, რომ მსგავსი ტიპის ე.წ. სკანდალური შეურაცხყოფებიც კი ვერ გადაფარავს იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით, როდესაც ამ პროცესით ხდება უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა და სერიოზული ზიანი ადგება ქვეყნის იმიჯს,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.