საქართველოს საპატრიარქოს მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების და პატრიარქის შეხვედრის აუდიო ჩანაწერის გასაჯაროებას, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზის ძმა ეხმაურება.
თორნიკე მამალაძე "კურიერთან" საუბრისას კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ საქართველოს პატრიარქი ინფორმაციას არ ფლობს.
მისივე თქმით, შეხვედრისას ილია მეორემ მას შენიშვნა მხოლოდ "ასავალ-დასავალთან" გაკეთებული განცხადების გამო მისცა, სადაც საუბარია იმაზე, რომ მამა გიორგი მამალაძეს პატრიარქთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
თორნიკე მამალაძე საპატრიარქოში დღეს კიდევ ერთხელ იმყოფებოდა. მან პატრიარქთან შეხვედრის ამსახველი სრული აუდიო ჩანაწერის გადაცემა მოითხოვა.
„პატრიარქს ჰქონდა ჩემთან დაკავშირებით შენიშვნა "ასავალ-დასავალში" რომ გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, მაგრამ პატრიარქს არ ჰქონდა შენიშვნა, მე რატომ ვადანაშაულებ საჯაროდ მეუფე იაკობს და შორენა თეთრუაშვილს. არ ჰქონდა სხვა დანარჩენ ბრალდებებთან დაკავშირებით პატრიარქს შენიშვნები, რადგან ის არ ფლობს ინფორმაციას. ამას ამბობდნენ იქ დამსწრე საზოგადოება, რომ პატრიარქი ფლობს ინფორმაციას და უშუალოდ პატრიარქმა არც დაადასტურა და არც უარყო,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.