18 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
პროპორციული საარჩევნო სისტემის გადავადება და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა - მესამე სექტორის წერილის შინაარსი ცნობილია

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისრის, ეროპარლამენტისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გასაგზავნი ღია წერილის შინაარსი გაასაჯაროვეს. წერილში საუბარია საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემის გადავადებასა და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე.

მესამე სექტორის მიერ გაგზავნილ წერილში, რომელიც 750 გავლენიან პოლიტიკოსს გაეგზავნება, დეტალურად არის წარმოდგენილი არგუმენტები, თუ რატომ არის აუცილებელი მაჟორიტარული სისტემის გაუქმება უკვე მომდევნო არჩევნებისთვის. სამოქალაქო სექტორი არსებული კანონპროექტიდან გამომდინარე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას არაეფექტურად მიიჩნევენ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, მმართველ გუნდს ძალაუფლების გახანგრძლივების მცდელობის გამო აკრიტიკებს.

„ის გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება ამ პროპორციულ სისტემაზე გადავადებას, პირდაპირ არის კავშირში იმასთან, რომ მმართველ პარტიას უნდა, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც შეიძლება მეტი ხნით და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის,“ - აცხადებს ეკა გიგაური.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე“, ანა ნაცვლიშვილი „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა კონსტიტუციის შემუშავებაში ჩართული ჯგუფების მოსაზრებები უკუაგდო.

„ეს ნაბიჯი, რომელიც ამ მრავალთვიანი პროცესის, მრავალი აქტორის ჩართულობის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" გადადგა, ყველა ჩართული მხარის მოსაზრების და ინტერესის საწინააღმდეგოდ ფაქტობრივად დახურულ კარს მიღმა, მთლიანად აზრს აცლის იმ სამუშაოს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ გასწია, რომელიც ვენეციის კომისიამ გასწია,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.  

წერილის ადრესატები მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში მოქმედი საელჩოებიც არიან.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები