„რატომ ხდება, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ ხანძარი უჩნდებათ ბაზრობებს?“ - ეს შეკითხვა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას დასვა.
მისი აზრით, მორიგი ხანძარი დედაქალაქში იმით არის გამოწვეული, რომ „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის საქმე პროკურატურამ არ გამოიძია.
ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ცეცხლი ავტონაწილების ბაზრობას 20:00 საათზე გაუჩნდა და სახანძრო ბრიგადები ადგილზე გვიან მივიდნენ.
„აქ ნებისმიერ ადამიანს ჰკითხეთ და გეტყვიან, რომ ძალიან დაგვიანებით მოვიდნენ სახანძროები და დაგვიანებით დაიწყეს ჩაქრობა,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი ხოშარაულის ქუჩაზე ავტონაწილების ბაზრობას გაუჩნდა. სახანძრო ბრიგადებმა მისი ლიკვიდაცია მოახერხეს, თუმცა აალებადი ნივთიერებების გამო, ის განახლდა და ცეცხლი ცოტა ხნის წინ ჩააქრეს.