18 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ხანძარი ე.წ. ელიავას ბაზრობაზე - შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან 

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა სპეციალური კომისია დღეს დილიდან დაიწყებს. მანამდე კი ადგილზე ათეულობით სამართალდამცველია მობილიზებული. კეთდება კორდონი, რათა მოვაჭრეები დამწვარ სავაჭრო ობიექტზე თვითნებურად არ შევიდნენ.

ხანძრის შედეგად ბაზრობის ე.წ. პირველი სექტორი სრულად არის დამწვარი. დაზიანებულია ბაზრობის მეორე სექტორიც.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში დაიწყებენ მუშაობას ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლიან. ადგილზე უკვე იმყოფებიან დაზარალებულებიც.

11:00 საათისთვის ბაზრობის ტერიტორიაზე ელოდებიან დიდუბის გამგებელსაც, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული. აღარ არსებობს ხანძრის კერები და, შესაბამისად, ცეცხლის ხელახლა გაჩენის საშიშროება.

„უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რჩება სახანძრო ჯგუფები. წუხელ 30 ერთეული სახანძრო ავტოტექნიკა იყო მობილიზებული. დაახლოებით 150-მდე მეხანძრე მაშველი, რომლებმაც ოპერატიული რეაგირებს შედეგად მოახდინეს ხანძრის დროული ლოკალიზება და არ მიეცა ხანძარს საშუალება გავრცელებულიყო ბაზრობის მთელს ტერიტორიაზე. დამწვარია ბაზრობის, დაახლოებით, 2500 კვმ ფართობი,“ - განაცხადა თბილისის ხანძრის ქრობისა და სამაშველო სამუშაოების ორგანიზების სამმართველოს უფროსმა, მამუკა ყირიმელმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობაზე მომხდარ ხანძარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. საქმეს ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინიტროს პოლიციის დეტექტივების სამმართველო იძიებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები