დაზარალებულები გამორიცხავენ, რომ ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტროენერგია გამხდარიყო, რადგან, მათი თქმით, ტერიტორიაზე დენი 20:00 საათზე უკვე გათიშულია, ხანძარი კი ამის შემდეგ გაჩნდა.
ელიავას ბაზრობის დირექტორის, გოჩა ხეცურიანის, თქმით, ელექტროენერგია ითიშება ხოლმე, თუმცა გუშინ დენი გათიშული იყო თუ არა, მას არა აქვს ინფორმაცია.
ხეცურიანი სამართალდამცავებმა დაკითხეს. მისი განცხადებით, კითხვები ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა.
ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვა თბილისის ვიცემერმა, ლაშა აბაშიძემ. მისი განცხადებით, დაზარალებულებს მერიაში შეხვდება. შეხვედრა, სავარაუდოდ, 13:00 საათზე შედგება.
ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ჩამქრალია და იქ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ კი ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დაზარალებული მოვაჭრეების შეყვანა და ზარალის დათვლაც დაიწყება.