18 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დამწვარი მაღაზიების მეპატრონეები იმყოფებოდნენ

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე გუშინ 21:00 საათისთვის დაიწყო და მის ლოკალიზებას 2 საათზე მეტი დასჭირდა. 2 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რამდენიმე შენობა დაიწვა. ხანძრის ზონაში ის ობიექტები მოხვდა, სადაც ავტონაწილები, საბურავები და საღებავები ინახებოდა.

ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დამწვარი მაღაზიების მეპატრონეები იმყოფებოდნენ, რომლებიც ტერიტორიიდან საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვდნენ. 

ცეცხლის ჩაქრობას ტოქსიკური მასალების დაწვა ართულებდა. მეხანძრეებმა ბოლო კერის ჩაქრობა ღამის სამის ნახევარზე შეძლეს, რასაც მოვაჭრეების მხრიდან პროტესტი და ადგილზე რამდენჯერმე დაპირისპირება მოჰყვა.

ვითარება ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ დაიძაბა, როცა მოვაჭრეებმა ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლა სცადეს. სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე ისინი უსაფრთხოების გამო, არ შეუშვეს, რაც ობიექტების მფლობელებსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. სიტყვიერი შელაპარაკება დიდუბის გამგეობის წარმომადგენელსა და მოქალაქეთა ჯგუფს შორისაც მოხდა.

ხანძრის გამო, 3 პირის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. საავადმყოფოში ორი მათგანი შოკური შეტევით, ხოლო ერთი მოქალაქე სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით გადაიყვანეს. დაშავდა ერთი მეხანძრე-მაშველიც. მას ექიმებმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ვითარების ადგილზე შესასწავლად მივიდნენ საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან და მმართველი პარტიიდან. ოპოზიცია ხანძრის გაჩენის საეჭვო გარემოებებზე საუბრობდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები