18 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ელიავას დამწვარი ბაზრობის დაზარალებულების შეხვედრა მერიაში ჯერჯერობით კონკრეტული პასუხის გარეშე დასრულდა

მესამე დღე ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრიდან. დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი ვიცე მერთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა ასევე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე. 

ლექვინაძემ, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მას შემდეგ გახდება ცნობილი მათთვის, რაც ხანძრის შედეგად დაზიანებული და განადგურებული საქონლის სრული სურათი გამოჩნდება.

„რაზეც შევთანხმდით, არის ის, რომ უნდა დაზუსტდეს იმ დაზარალებულთა მონაცემთა ბაზები და სიები, ზიანის მოცულობები და იმ საქონლის მოცულობა, რომელიც ან განადგურდა ან დაზიანდა. ამის შემდგომ, ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ შუამდგომლობა საბანკო სექტორთან," - აცხადებს ლექვინაძე. 

დაზარალებულების ნაწილი კი, დამწვარ შენობაში საკუთარ დახლებს ათვალიერებენ და გადარჩენილ ნივთებს ეძებენ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობდა, დაზარალებულები ტერიტორიაზე არ შეუშვეს. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია დაზარალებულებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება.

დაზარალებულები ითხოვდნენ საკუთარ მაღაზიებში შესვლას და იმ პროდუქციის გამოტანას, რაც ხანძარს გადაურჩა.

სრულად დამწვარია 30-ზე მეტი მაღაზია და დაზარალდა დამატებით 100-მდე მაღაზია. დაზარალებულთა ნაწილი ამბობს, რომ პროდუქცია, რომელიც ხანძარს გადაურჩა, დააზიანა წყლის ჭავლმა. ასევე, დაზარალებულების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მაღაზიებში ქურდობის ფაქტი მოხდა.  

„ვიღაც არის ნამყოფი, კარები გატეხილი იყო და უჯრაა გამოქექილი მთლიანად,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

 

დღის ამბები