ქვეყნიდან უმიზეზოდ გაძევებული ბიზნესმენები, დამკვირვებლები და ტურისტები საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შეზღუდვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ. საქართველოში შემოსვლის მსურველები ყვებიან, რომ ყველა საჭირო საბუთის მიუხედავად, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს და ქვეყნიდან გააძევეს.
ინდოელი ბიზნესმენი, აკბარ ქუშერი, ქართველ სამართალდამცავებს დამამცირებელ მოპყრობაშიც ადანაშაულებს და იმედი აქვს, რომ აეროპორტის სათვალთვალო კამერები არასათანადო ქმედებას დააფიქსირებდნენ.
მესაზღვრე პოლიციელებს უხეშ მოპყრობაზე ინდოელი ტურისტის სტატუსით ჩამოსული ხუშბუ კაუშალიმ საქართველოს ელჩისთვის გაგზავნილ ღია წერილში საუბრობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ინდოეთში საქართველოს ელჩი დეტალების გარკვევის მიზნით, ტურისტს თავად შეხვდება.
ჯერჯერობით საგარეო უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის კენიელ დამკვირვებელზე, რაფაელ მულე მუსაოზე, რომელიც საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებლად ჩამოვიდა, თუმცა ქვეყანაში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნის გარეშე ქვეყნიდან გააძევეს.
სამართალდამცავებს ზეწოლაში ეგვიპტელი ბიზნესმენიც ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ საქართველოს უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები მას ქვეყნის დატოვებას აიძულებენ.
ამ ოთხივე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი პასუხი აქვს - მღებრიშვილის უწყება პოლიციელების ბრალეულობას გამორიცხავს და ამტკიცებს, რომ მესაზღვრე კონტროლიორები კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებენ.
უწყების განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურები განსაკუთრებულად კონტროლდება ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ.