„ბევრად მეტი მინდოდა, რომ გამაკეთებინა,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მისი განცხადებით, პირველ წელიწადს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ბევრი საკითხი ძალიან იმედისმომცემი იყო.
„ძალიან დიდი იმედები მქონდა პირადად მე და ამ პროცესში ჩემი მონაწილეობაც განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენ ახლა მივცემთ ქვეყანას ძალიან ბევრ გამოსავალს. ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო 2 წელიწადში გახდებოდა შვეიცარია, ილუზია ნაკლებად მქონდა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მას არც თავდაპირველად ეგონა, რომ რუსეთთან ურთიერთობა ძალიან სწრაფად დალაგდებოდა, თუმცა იმედი ჰქონდა, რომ ევროინტეგრაციის ფონზე უკეთესი ნაბიჯები გადაიდგმებოდა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისთვის პრეზიდენტის ვალდებულების შესრულება ცოტა რთული იყო, რადგან ფიცის დადების შემდეგ, მისი უფლებები შეიზღუდა.
„მე ვცდილობდი, რომ ჩემი ვალდებულება მაქსიმალურად შემესრულებინა. ეს ვალდებულება ცოტა რთული იყო იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუცია შეიცვალა.
„მძიმეა, ყოველდღე იცოდე, რომ შენს მოქალაქეებს ძალიან ბევრი სირთულე აქვს და შენ არ გაქვს შესაძლებლობა, ეს სირთულეები გადაჭრა. მე ამ სიმძმით ყოველდღიურად ვხოვრობ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ქვეყნის მთავარსარდალი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის თემის განხილვის თემა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან, ამოწურა.
„დემოკრატიულ საზოგადოებაში ძირითადი შეკვეთის მიმცემი არის ხალხი და საზოგადოება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში პოლიტიკოსები, არასამთავრობოები და საზოგადოება ისეთ საკითხებზე კამათობს, რომლებზე საუბარიც ზედმეტია.
„6 თვე ვსვამთ კითხვას,- ორჯერ ორი ოთხია თუ ხუთი,“ - აცხადებს ის.