18 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
ელიავას ბაზრობაზე ხანძრისგან დაზარალებულები ამ წუთებში, დამწვარ ტერიტორიას საკუთარი ძალებით ასუფთავებენ

ელიავას ბაზრობაზე ხანძრისგან დაზარალებულები ამ წუთებში, დამწვარ ტერიტორიას საკუთარი ძალებით ასუფთავებენ. მოლოდინის მიუხედავად, დღეს მათთან დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები არ მისულან.

მერიისგან დაზარალებულებმა მიიღეს დაპირება, რომ დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები დაეხმარებოდნენ, თუმცა, ამ დრომდე ელოდებიან მათ მისვლას.

ადგილზე დილიდან იმყოფებიან სასაქონლო ექსპერტებიც, რომლებიც გადარჩენილ საქონელს შეაფასებენ.

ექსპერტები აღწერას აკეთებენ, თუ რა დაიწვა ან რა გადარჩა, თუმცა დაზარალებულები აცხადებენ, რომ ეს აღწერა არის უბრალო ფორმალობა, რადგან მათ იმ შემთხვევაში თუკი დაითვლება ზარალი, ანაზღაურების იმედი არ აქვთ.

დაზარალებულების განცხადებით, ამ ეტაპზე მათთვის მთავარ პრობლემას ელექტროენერგიის მიწოდება წარმოადგენს.

დაზარალებულები დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე მას შემდეგ შეუშვეს, რაც დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებთან. მოვაჭრეებმა ძალისმიერი გზით სცადეს შეჭრა. თბილისის მერიის წარმომადგენელებთან შეხვედრის შემდეგ მოვაჭრეებმა განაცხადეს, რომ მერია ბანკებთან შუამდგომლობას დაჰპირდა, თუმცა, მათი თქმით, უპასუხოდ არის დარჩენილი კითხვები, აუნაზღაურდებათ თუ არა ზარალი და მიიღებენ თუ არა კომპენსაციას.  

დღის ამბები