ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოგზავნილ წერილს ბრიფინგზე გამოეხმაურა. წერილში ცესკო პარტიას თვითმმართველობის არჩევნებში რეგისტრაციისთვის 25 ათასი ხელმოწერის შეგროვებას ავალდებულებს. თუმცა, პარტიაში ამბობენ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, მათ ხელმოწერების შეგროვება არ ევალებათ. პოლიტიკური ცენტრი ცესკოს მოთხოვნას სასამართლოში გაასაჩივრებს.
”ჩვენ გუშინ მივიღეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან წერილი, სადაც ისინი გვეუბნებიან, რომ თქვენ ვალდებული ხართ 25 ათასი ხელმოწერა შეაგროვოთ. ცენტრალურმა კომისიამ გვითხრა, რომ ეს თქვენ გჭირდებათ რეგისტრაციისთვისაც. რაც შეეხება რეგისტრაციას, ჩვენ არ გვევალება 25 ათასი ხელმოწერის შეგროვება, ვინაიდან ქართული კანონმდებლობა ამბობს ნათლად, რომ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც წინა საპარალამენტო არჩევნების დროს იყვნენ რეგისტრირებული, ამ ხელმოწერების შეგროვება არ ევალებათ,“ - განაცხადა ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ.