„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისა და მოიჯარეების აქცია ეროვნულ ბანკთან გაიმართა. დაზარალებულები ბანკებისგან სესხების გადავადებას მოითხოვენ და შუამავლობის მოთხოვნით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართავენ.
„ეროვნულ ბანკს აქვს ყველანაირი ბერკეტი, რომ სთხოვოს ბანკებს, რომ მოხდეს ერთი წლით უპროცენტოდ, იმ სესხის გადავადება, რასაც ესენი „ბავშვთა სამყაროს“ გადაწვამდე იხდიდნენ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოატყუა ხალხი და პრეზიდენტი, რომელიც ადამიანებს ატყუებს, უნდა მოშორდეს,“ - განაცხადა "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხევაში, ისინი პროტესტის უმკაცრეს ფორმას მიმართავენ.
„უნდა დავიწყო შიმშილობა, მე სხვა გზა არ დამიტოვა მეტი ამ ხელისუფლებამ. მეექვსე თვე მიდის უკვე და კატასტროფული მდგომარეობა მაქვს. აღარ მაქვს უკვე ნერვები, 20 თეთრის ეკონომიას ვაკეთებ უკვე. ბოლო-ბოლო იქონიონ ნამუსი ამ უნამუსოებმა,“ - აცხადებს „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრე, ჯული ელიავა.
„ბავშვთა სამყაროს“ მოიჯარე, ნინო მოწონელიძე ამბობს, რომ სესხების ჩუქებას არ ითხოვს.
„ახლა კეთილი ინებონ, ცოტა ქამრები შემოიჭირონ და გადაგვივადონ. არ ვითხოვთ სესხების ჩუქებას, გადაგვივადონ ერთი წლით,“ - აცხადებს ნინო მოწონელიძე.