“ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი, დავით ხარშილაძე დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ის წინასწარი პატიმრობიდან 15 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
„ეს, ჩემი აზრით, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის დასაფიქრებელი რამ არის. როდესაც პოლიციელის შვილს პოლიციელის შვილი ნარკოტიკს უდებს, ეს ცოტა მორალურ კოდექსსაც ეწინააღმდეგება პოლიციის, ჩემი აზრით,“ - განაცხადა დავით ხარშილაძემ.
ელისო კილაძე ფიქრობს, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან დაინახა მთელი სქემა, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველები მოქმედებდნენ.
„მკაფიოდ გამოჩნდა მთელი ის სქემა, რა სქემითაც მოხდა ამ სადამსჯელო ოპერაციის ჩატარება ჩემი შვილის წინააღმდეგ და მე მგონია, რომ სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და ამას, ბუნებრივია, არ ველოდით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრეცედენტი შეიქმნა ზოგადად, ამ ჩადებულ საქმეებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.