საკრებულოს ოპოზიციამ სხდომაზე დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საპატრიარქოსთვის მიწების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, რომ დაახლოებით 5 ათასი კვ.მ. ფართობი უნდა გადაეცეს საპატრიარქოს 1 ლარად. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თითქმის ყველა საკრებულოს სხდომაზე მსგავსი შინაარსის საკითხებია წინ წამოწეული, რაც მათ კითხვის ნიშნებს უჩენს.
„თითქმის, ყველა საკრებულოს სხდომაზე ხდება მიწის ნაკვეთების გადაცემა საპატრიარქოსთვის 1 ლარად, კითხვის დასმაც კი სახიფათოა საკრებულოს სხდომაზე, იმიტომ, რომ სრულიად არარაციონალურად და ისტერიაში ვარდება, როცა კითხვა ისმის, რატომ, რისთვის, რა უნად აშენდეს, რატომ უნდა გადავცეთ ქალაქის ქონება 1 ლარად, თუნდაც, საპატრიარქოს“,- განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, ხათუნა სამნიძემ.
საპატრიარქოსთვის მიწების 1 ლარად გადაცემას ეწინააღმდეგებიან საკრებულოს „ნაციონალურ მოძრაობაშიც.“
„არ მივესალმები ამ პროცესს, ვინაიდან, მიმაჩნია, რომ მჩვენ ხელს ვუწყობთ კორუფციული და ქონებასთან დაკავშირებული ვნებების გაღვივებას ჩვენს ეკლესიაში,“- განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ჯაბა სამუშიას თქმით, საპატრიარქოს მიწებს მხოლოდ იმ ტერიტორიებზე გადასცემენ, სადაც ამ დრომდე არ არის ეკლესია-მონასტრები.
„მიწების გადაცემა ტაძრების მშენებლობისთვის ახალ რაიონებში ხდება, რომელი რაიონებიც საბჭოთა პერიოდში მოეწყო, არ არსებობდა ტაძრები“,- განაცხადა საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ.