18 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ავარია ტრაბზონთან - ქართული ცეკვის ანსამბლის ავტობუსი გადაბრუნდა

ქართული ცეკვის ანსამბლი ტრაბზონში ავარიაში მოყვა. როგორც "რუსთავი 2-ს" ტრაბზონის საკონსულოში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, საბურავის გახეთქვამ გამოიწვია, რის შემდეგაც ავტობუსი გადაბრუნდა. ამ ინფორმაციას საკონსულო ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საკონსულოს ინფორმაციით დაშავებულია 23 ადამიანი, თუმცა "კურიერთან" საუბრისას ერთ-ერთი მშობელი აცხადებს, რომ ავტობუსში მყოფი 36-ივე მგზავრი დაშავდა. მათი უმეტესობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სხვადასხვა საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს, 2 მგზავრი შედარებით მძიმედაა დაშავებული, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია. 

„დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ამ ეტაპზე დაყოფილები ვართ. მე მოვედი საავადმყოფოში, სადაც არის სამი ბავშვი, დანარჩენი თანამშრომლები სხვა საავადმყოფოში არიან განაწილებული. ამ საავადმყოფოში იმყოფება სამი ბავშვი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაშავებულები არიან მსუბუქად,“ - აცხადებს საქართველოს ვიცე-კონსული ტრაბზონში, მანანა ბერიაშვილი.

შემთხვევა ტრაბზონიდან 120 კილომეტრში მოხდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.

დღის ამბები