ჯავახიშვილის ქუჩაზე დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი, ამ დრომდე დიღომში, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ადვოკატ გიორგი მახარაძის თქმით, ჩხრეკის დროს დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება არ ქონია და ამას ექსპერტიზა დაადასტურებს.
ადვოკატი ირწმუნება, რომ ნივთიერება, რომელიც სამართალდამცავებმა დაკავებულის ჩხრეკისას ამოიღეს, თავისუფალ ბრუნვაშია და ის აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდება.
უფლებადამცველის თქმით, ექსპერტიზის შედეგი დღეს უნდა გახდეს ცნობილი.
„ამოღებულია აბი, რომელიც არის თავისუფალ ბრუნვაში ანუ ურეცეპტოდ იყიდება აფთიაქებში. თუმცა, გამოძიებას უნდა დარწმუნდეს, რომ ეს არ არის ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად, დანიშნულია ექსპერტიზა, რითიც დადასტურდება, რომ ამოღებული ნივთიერება არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, შესაბამისად, გათავისუფლდება დაკავებული პირი,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გაჩხრიკეს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას.