18 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
"ვისაუბრე სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა“ - მეუფე დიმიტრი

პატრიარქის ნათესავების დაკითხვა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე დასრულებულია. სასამართლო ჩვენებები მისცეს ილია მეორის დისშვილმა, ქეთევან შიოლაშვილმა და ძმისშვილმა მეუფე დიმიტრიმ. ამ წუთებში კი, პროცესზე სხვა მოწმეები იკითხებიან, მათ შორის ოქრომჭდელიც.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, მეუფე დიმიტრის მიმართ ძირითადი შეკითხვები შეეხებოდა მამა გიორგი მამალაძესთან მის ურთიერთობას. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, მეუფე დიმიტრიმ კონკრეტულად დეტალებზე, თუ რამ კითხვებზე მოუხდა მას პასუხის გაცემა, არ ისაუბრა.  

„აინტერესებდათ ჩემგან, რა ურთიერთობა მქონდა. მქონდა მასთან როგორც მღვდელმთავარს ურთიერთობა და ეს იყო ყველაფერი. ვისაუბრე სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა,“ - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

რაც შეეხება ქეთევან შიოლაშვილს, როგორც ცნობილია, მან სასამართლო სხდომაზე ისაუბრა უშუალოდ იმ ეპიზოდზე, როდესაც ის, სამკურნალოდ წასულ პატრიარქთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა.

ქეთევან შიოლაშვილმა სასამართლო პროცესიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

დღის ამბები