სასამართლოში ქრონიკა პლუსის რედაქტორის, ელისო კილაძის, შვილის, დავით ხარშილაძის, საქმის დღევანდელი განხილვა დასრულდა და დღევანდელ პროცესზე ბოლოჯერ დაიკითხა ბრალდებული.
დავით ხარშილაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა დაკავების მომენტი და დაადასტურა, რომ ჩხრეკამდე მას ნარკოტიკები არ ჰქონია და მისი თქმით, სამართალდამცავებმა ჩაუდეს.
ასევე დასრულებულია მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვით მიმართა სასამართლოს.
პროკურატურის წარმომადგენელი მთავარ მტკიცებულებად პოლიციელთა ჩვენებას და ექსპერტების დასკვნას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ხარშილაძის ბრალეულობის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებებია.
ბოლო პროცესი 17 აგვისტოს გაიმართება, სადაც დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე გამოვა, რის შემდეგაც სასამართლო სათათბიროდ გავა.
დავით ხარშილაძე მოსამართლემ 15 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. დავით ხარშილაძეს ბრალი ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნასა და გასაღებაზე აქვს წარდგენილი.