ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა ის დღეს სასამართლოზე არ გამოცხადდა.
ოხანაშვილის მეუღლემ საგამოძიებო უწყებას განუცხადა, რომ ციანიდის საქმის ერთ-ერთ სკანდალურ მოწმეს ჩვენების მიცემა არ სურს. ის საქართველოში, თითქმის, 2 თვეა, აღარ იმყოფება.
სოსო ოხანაშვილის გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ოხანაშვილის სიმამრი, მიტროპოლიტი დიმიტრი, ქვეყნის პრემიერმინისტრს კონსპირაციულად შეხვდა. კვირიკაშვილთან საუბრის დეტალები უცნობია, თუმცა საეჭვოა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის სიძემ, სოსო ოხანაშვილმა, ქვეყანა დატოვა.
ე.წ. ციანიდის საქმის დღევანდელ პროცესზე 8 მოწმე დაკითხეს. აქედან ორი პატრიარქის ოჯახის წევრები არიან. ილია მერის ძმის შვილი, მეუფე დიმიტრი და პატრიარქის დის შვილი, ქეთევან შიოლაშვილი.
სხდომიდან გამოსულმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ მოწმეებმა ვერ დაადასტურეს მამალაძის განცხადება, რომ, თითქოს, ციანიდი შორენა თეთრუაშვილს სჭირდებოდა.
ერთსა და იმავე პროცესიდან დეკანოზ მამალაძის ადვოკატებმა ბრალდების მხარისგან განსხვავებული ინფორმაცია გამოიტანეს.
დაცვის მხარე ამბობს, რომ ვერც ერთმა მოწმემ პატრიარქის ან შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის შესაძლებლობა ვერ დაადასტურეს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი უკვე 6 თვეა, მიმდინარეობს.