18 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
სასტიკი ძალადობა, მონური შრომა და არაადამიანური მოპყრობა - ბათუმელი 18 წლის გოგონა სახლიდან გაიქცა

ბათუმში დუმბაძეების ოჯახი მეოთხე დღეა, გაუჩინარებულ შვილს ეძებს. 18 წლის გოგო ოჯახმა ერთი წლის წინ გაათხოვა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ მადლენა ბოლქვაძე ქმრის ოჯახს გამოექცა, მშობლებთან დაბრუნდა და შემდეგ კვლავ გაუჩინარდა.

ახალგაზრდა გოგო გაუჩინარებამდე ოჯახის წევრებმა ბათუმში პოლიციის განყოფილებასთან ნახეს, თუმცა მაშინ შვილთან მშვიდად საუბარი ვერ შეძლეს. შვილთან ურთიერთობის დაძაბვას არც ბოლქვაძეები უარყოფენ და მიზეზებზეც ღიად საუბრობენ.

მშობლები ამბობენ, რომ 17 წლის მადლენა ბოლქვაძე ერთი წლის წინ მოტყუებით გაათხოვეს. ბოლქვაძეების ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგო საკუთარმა ბიძამ გაყიდა.

მათი თქმით, სხვადასხვა წყაროდან გაიგეს, რომ სიძის ოჯახმა მათ ნათესავს ვალი გაუქვითა და 100 ლარი ხელზე გადაუხადა. ამ ფაქტზე პოლიციისთვის მიმართვის საშუალება კი ნათესავებმა არ მისცეს.

ბოლქვაძეების ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგო მეუღლის ოჯახში ძალადობის მსხვერპლიც იყო. ნათესავები იხსენებენ, რომ გათხოვებიდან ერთ თვეში არასრულწლოვნის მეუღლე სამუშაოდ თურქეთში წავიდა. მისმა მშობლებმა კი რძალი მთაში წაიყვანეს, სადაც მთელი სოფლის პირუტყვის მოვლასა და ფიზიკურ შრომას აიძულებდნენ.

ბოლქვაძეების ინფორმაციით, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ მათ განცხადება შუახევის პოლიციაში შეიტანეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ძალადობის შესახებ განცხადების მიღებისას ახალგაზრდა პოლიციაში დაიბარეს. გამოძიება შესაბამისი მუხლით დაიწყო, თუმცა, მალევე შეწყდა, რადგან მადლენა ბოლქვაძემ გამოკითხვისას ძალადობის ფაქტი აღარ დაადასტურა.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

დღის ამბები