20-მდე აჭარელი ოჯახი დატბორვის მოლოდინშია. სოფელ მარადიდის მცხოვრებლები ხელისუფლებას ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. სოფელ მარადიდის მოსახლეებს ხელვაჩაურის ჰესის აშენების შემდეგ გადასახლება მოუწევს. ხელვაჩაურის ჰესის აშენების შემდეგ წყლის ქვეშ მოექცევა სახლები, ნაკვეთები, მარადიდელების სასაფლაოც კი.
ამ ეტაპზე სოფელში კომპენსაციებზე დაობენ. ადგილობრივები კურიერთან აცხადებენ, რომ ინვესტორის მიერ მოსახლეობისთვის გამოყოფილი ფული სოფლამდე ვერ აღწევს. მარადიდელები ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციასა და მოსახლეობის კომპენსაციების მითვისებაში ადანაშაულებენ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ, თავად დააკომპლექტა კომისია, რომელსაც კომპენსაციების გაცემის წესი და მიმღები პირები უნდა დაედგინა. ახლა კი ირკვევა, რომ ამ კომისიის წევრებმა საკუთარ თავს სოლიდური კომპენსაციები გამოუწერეს, ამ დროს კი ათობით ოჯახი კუთვნილ თანხას ელოდება.
დაზარალებული მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად გამოყოფილი 8 მილიონის დიდი ნაწილი, ხელვაჩაურის გამგეობის გადაწყვეტილებით, უკვე გადარიცხულია. პარალელურად ხელვაჩაურელების ნაწილს სასამართლოში იმის დამტკიცებაც უწევს, რომ მიწები, რომელსაც ჯერ კიდევ მათი წინაპრები ფლობდნენ, ნამდვილად მათი საკუთრებაა.