თერჯოლის რაიონულ საავადმყოფოში ორწლინახევრის გოგონას გარდაცვალების გამო, ოჯახი ანესთეზიოლოგისა და კლინიკის ტრავმატოლოგის დასჯას ითხოვს.
მშობლები იმ ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებასაც აპირებენ, რომლებიც ოპერაციის ღამეს კლინიკა „თერჯოლამედში“ მორიგეობდნენ.
ბავშვი ორი დღის წინ საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი დაიზიანა. ოპერაციიდან 1 საათში ოჯახმა ბავშვის მდგომარეობა მოიკითხა, თუმცა პასუხის ვერ მიიღეს.
გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ოპერაცია 3 საათს გაგრძელდა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ბავშვის მდგომარეობის შესახებ კლინიკაში ინფორმაცია ახლობლებს არავინ მიაწოდა. მოგვიანებით გაიგეს, რომ ორ წლინახევრის გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო. გულის გაჩერების მიზეზად ახლობლები ანესთეზიის გადამეტებულ დოზას ასახელებენ, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს კლინიკის დირექტორი.
ვითარებაში გასარკვევად ადგილზე დღესვე ჩავიდნენ სამედიცინო რეგულირების კომისიის წარმომადგენლები. საქმის ობიექტურად შესწავლის პირობა დადო ჯანდაცვის მინისტრმაც.
კლინიკის ხელმძღვანელობა გამოძიების შედეგებს ელოდება. უკვე დაკითხეს მორიგე ექიმები.