გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის თათია დოლიძის მისამართით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებები გახდა დღეს თბილისში კიდევ ერთი აქციის მიზეზი. "ქართველთა მარშიდან" რამდენიმე დღის შემდეგ აღმაშენებლის გამზირზე ქალთა მარში გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები აქ ქუჩაში ქალთა უფლებების დასაცავად გამოვიდნენ.
აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ქონდათ. ერთ-ერთი იყო ხელისუფლების და შესაბამისი უწყების მიმართ მოწოდება, რომ დასჯადი გახდეს ქალთა წინააღმდეგ ჩაგვრა და ძალადობა.
აქციაზე იმყოფებოდნენ მედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც თათია დოლიძის გარშემო მომხდარ მოვლენებს არნახულ ძალადობას უწოდებენ.
„ეს არის ნამდვილად რუსული პროპაგანდის და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მარში,“ - აღნიშნა ნინო დანელიამ.
დღევანდელ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. ისინი ქალთა მიმართ ძალადობას და მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთებას აპროტესტებდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, სოციალურ ქსელში ქართველთა მარშის რამდენიმე მონაწილის და ორგანიზატორის მიერ, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის თათია დოლიძის მიმართ გამოთქმული მუქარა იყო ძალადობისკენ მოწოდება.
აქციაზე იმყოფებოდა თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაც, რომელიც სოციალურ ქსელში გამოხატულ აგრესიას „ფაშისტურ მუქარას“ უწოდებს.