18 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
სადავო მიწა და დაჭერილი 28 წლის მამაკაცი - ჯანდარის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

ჯანდარის მაცხოვრებელი ჯავანშირ მამედოვი პროკურატურას შანტაჟში ადანაშაულებს. მამედოვი ყვება, რომ უწყება მისი პატიმარი შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 50 ჰექტარი მიწის დათმობას სთხოვს. მიწა, მისი ოჯახის საკუთრება იყო და რამდენიმე თვის წინ სახელმწიფომ, მამედოვების მტკიცებით, მისივე მეზობელს არასამართლიანად მიჰყიდა. დაკავებულ ბაბექ მამედოვს კონფლიქტი მეზობლებთან სწორედ ამ მიწის გამო მოუვიდა.

მეზობლებს შორის ინციდენტს ბევრი თვითმხილველი ყავს. ბაბექ მამედოვის ინტერესების დასაცავად, მის სახლში სოფელ ჯანდარის მცხოვრებლები შეიკრიბნენ. ადგილობრივები და დაკავებულის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ის უსამართლოდ დააკავეს და ბრალი, რასაც მამედოვს ოფიციალურად ედავებიან, არასწორია. 28 წლის მამაკაცს ბრალად სხვისი საკუთრების უფლების დარღვევა და დაზიანება ედება.

სადავო მიწა რამდენიმე თვის წინ საიად და მახარამ გუსეინოვებმა იყიდეს. დაზარალებული ყვება, რომ მასაც და მის მეუღლესაც დაკავებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა ნამდვილად მიაყენა.

28 წლის ბაბექ მამედოვი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. იმ შემთხვევაში თუ საქმეს სამართლიანად არ გამოიძიებენ, სოფელ ჯანდარის მცხოვრებლები საპროტესტო აქციების თბილისში გამართვით იმუქრებიან.

დღის ამბები