18 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
ხელისუფლება თვითონ აძლევს გასაქანს ქსენოფობიურ თემებს - სალომე სამადაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი, აღნიშნავს, რომ ე.წ. ქართული მარშის მონაწილეებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. ის აცხადებს, რომ ფაშიზმის გავრცელებას ხელისუფლებაც გარკვეულწილად ხელს უწყობს, რადგან, ოპოზიცური პარტიის წევრის თქმით, ხელისუფლება „კრემლის რუპორ“ საინფორმაციო საშუალებებს სუბსიდირებას უკეთებს.

„სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ საკუთარი ქვეყანა დაიცვას ამ საფრთხისგან, რომლის წყარო და საიდანაც ეს საფრთხე მოდის, რა თქმა უნდა, არის პუტინის რეჟიმი და კრემლი, ამას არა თუ არ აკეთებს, არამედ ხელს უწყობს,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სამადაშვილის განცხადებით, ამ ჯგუფებს დღევანდელი ხელისუფლების ყოფილი წევრები კურირებენ, მაგალითად, კი სანდრო ბრეგაძე მოჰყავს.

„რეალურად, მე მივიჩნევ, რომ როგორც ქართული მარშის ორგანიზატორები, ასევე პატრიოტთა ალიანსი, რომელის, ასე ვთქვათ, ერთი და იგივე შემადგენელი პოლიტიკური პროექტია, არიან სატელიტები, რეალურად, დღევანდელი ხელისუფლების,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილი თათია დოლიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის მუქარას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „დღევანდელი ხელისუფლება იღებს პირდაპირ ქსენოფობიურ თემებს და მათ აძლევს საზოგადოებაში განვითარების და გაფურჩქვნის შესაძლებლობას“. სალომე სამადაშვილს ამ განცხადების დასასაბუთებლად მაგალითად მიწის კანონის მიღება მოჰყავს.

„დღევანდელი ხელისუფლება, სამწუხაროდ, არათუ არ ებრძვის, თვითონ აძლევს გასაქანს ქსენოფობიურ თემებს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები