გალის სამმხრივი შეხვედრა დასრულებულია. ქართულმა მხარემ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული გურამ კანჯი ოღლის დაკავების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა, თუმცა უშედეგოდ.
რუსული მხარე მხარს უჭერს აფხაზების მოსაზრებას ამ საკითხზე და ქართული სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებას არ ცნობენ.
„ოთხოზორიას საქმესთან დაკავშირებით არსებითად მოცემულობა არ შეცვლილა, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს კვლავაც შევახსენეთ, რომ ამ საქმის ლოგიკური გაგრძელება დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა. არ მომხდარა მკვლელობაში მსჯავრდებული პირის კანჯი ოღლის დაკავება და აუცილებელია, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღებით ვიმუშაოთ ამ მიმართულებით,“ - განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.
დღეს შეხვედრაზე ასევე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის არჩილ და პაატა როგავების გათავისუფლების საკითხზე. ქართული მხარემ საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვაზეც გაამახვილა ყურადღება.