გულფოსის ჩანჩქერზე დაკარგული 22 წლის ქართველი ახალგაზრდის ოჯახის წევრები ისლანდიაში ხვალ ჩავლენ. ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები დღეს საღამომდე გაგრძელდება.
როგორც საქართველოს ელჩი, გიგი გიგიაძე, ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით აცხადებს, დაკარგულის პოვნის შანსი, ბუნებრივი პირობების გამო, მინიმალურია.
გიგი გიგიაძემ ისლანდიის პოლიციას წერილობითაც მიმართა, რათა ქართული მხარის ინფორმირება მუდმივად მოხდეს.
„ამ მდინარეში დაკარგული ადამიანების პოვნა, როგორც წესი, ვერ ხერხდება და მხოლოდ არის რამდენიმე ადამიანი ნაპოვნი მას შემდეგ, რაც ისინი გადაცვივდნენ. გამოძიება დაწყებულია და ახლაც გრძელდება, ეს არის უბედური შემთხვევა,“ - აცხადებს გიგი გიგიაძე.
უბედური შემთხვევა 19 ივლისს მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ჩანჩქერზე, სავარაუდოდ, სათევზაოდ იყო წასული, რადგან პარკში მის მანქანასთან ნაპოვნია ანკესები, ასევე მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, პასპორტი და სხვა საბუთები.